მამათა გამონათქვამები [15] |
ჯვრები და მინანქარი [9] |
ეკლესია , მონასტრები [24] |
ხატები და ფრესკები [22] |
ვიდეოები [6] |
ქადაგება [8] |
გალობა [0] |
ილია || [12] |
საიტის შესახებ [0] |
საიტზე სიახლის დადება [3] |
ხალხური სიმღერა [4] |
ფილმები [0] |
6:52 PM შობის მარხვის დასაწყისი | |
შობის მარხვის დასაწყისიკალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი). საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით". ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ". სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით". საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ. ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნეშივე მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში - ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (IX ს.), საბა განწმენდილისა (V ს.) და ლეონ რომის პაპის (V ს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან. ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმად უდევს ფესვები მარხვის საეკლესიო ტრადიციას. ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის მეორე საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა „დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ"; მატისონის 582 წლის კრების მიხედივით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (25 ნოემბერს ახ. სტილით) და გრძელდებოდა ქრისტეშობამდე. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი კრების ჩანაწერთა თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: „ზოგიერთგან, აღმოსავლეთში, ამ მარხვის ხანგრძლივობა შემცირებული იყო ერთ, ზოგჯერ - ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდე". თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია. პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, „ის, ვინც არ მარხულობს შვიდ დღეს მაინც, საერონი თუ კლიროსნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალებთ, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ. - ლ.მ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა". პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა გრძელდებოდეს. შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება. საზოგადოდ კი, ისევ უნდა შევნიშნოთ: მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე. ლევან მათეშვილი ნათია თარაშვილი რისთვისაა საჭირო მარხვაპირველი მცნება, რომელიც ღვთის მიერ კაცობრიობას მიეცა, სწორედ მარხვას მიემართება. მარხვა აუცილებელი იყო ჩვენთვის სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, და მით უფრო აუცილებელია ახლა, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, რათა აღვასრულოთ ღვთის მცნება. ბიბლიის მრავალ წიგნშია მითითებული მარხვის მნიშვნელობა, მაგალითად, წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ნათქვამია: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი... ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა" (იოველი 2, 12-15). უფალი ბრძანებს, რომ ცოდვილმა ადამიანებმა უნდა იმარხულონ, თუკი მისი წყალობის მიღება სურთ. ტობითას წიგნში ანგელოზი ეუბნება ტობიას: „სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით" (ტობ. 12, 8). ივდითის წიგნში წერია, რომ იოაკიმემ მოიარა მთელი ისრაელის ერი და ამბობდა, რომ უფალი შეისმენდა მათ ლოცვებს, თუკი ისინი მარხვასა და ლოცვაში იქნებოდნენ. წმიდა იონა წინასწარმეტყველის წიგნში ნათქვამია, რომ ნინეველთა მეფემ როგორც კი გაიგონა იონას წინასწარმეტყველება, რომ თუ არ შეინანებდნენ, ქალაქი დაიღუპებოდა, მათ თავის მოქალაქეებს მარხვა დაუწესა, თანაც ისე, რომ საქონელისთვისაც არ მიეცათ საკვები სამი დღის განმავლობაში. თავად მაცხოვარიც მარხულობდა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. „ქრისტე ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ ნიმუში, რათა მისდიოთ მის კვალს" (1 პეტრ. 2, 21) - გვეუბნება პეტრე მოციქული და მოგვიწოდებს, ჩვენც ძალისაებრ ჩვენისა, დავიცვათ მარხვა. მათეს სახარებაში მოხსენიებულია, რომ როცა იესო ქრისტემ ეშმაკეული განკურნა, მოციქულებს უთხრა: ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება (მთ. 17, 21). მარხულობდნენ წმიდა მოციქულებიც: „ვიდრე მსახურობდნენ უფალს და მარხულობდნენ... მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, დაადეს მათ ხელნი, და გაუშვეს" (საქმე მოციქულთა 13, 2-3). წმიდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში ღვთივსათნო საქმეთა შორის მარხვასაც მოიხსენიებს „მღვიძრებაში, მარხვაში..." (2 კორ. 6, 5). და შემდეგ, იხსენებს რა თავის ღვაწლს, ამბობს: „ერთთავად გზაზე ვიყავ გაკრული... მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით"... (2 კორ. 11, 27). „ქრისტიანისათვის მარხვა აუცილებელია იმისთვის, - წერს წმიდა იოანე კრონშტადტელი, - რომ განანათლოს გონება, გააღვიძოს და გააღვივოს გრძნობები და ნებას კეთილი ღვაწლისაკენ უბიძგოს. ჩვენში არსებულ ამ სამ უნარს ყველაზე მეტად ჩვენვე ვაბნელებთ და ვთრგუნავთ (ლკ. 21, 34), ამის შედეგად კი ცხოვრების სათავეს - ღმერთს ვშორდებით, ხრწნასა და ამაოებაში ვვარდებით, საკუთარ თავში ვრყვნით და შეურაცხვყოფთ უფლის ხატებას. გემოთმოყვარება და გაუმაძღრობა მიწისკენ მიგვაქცევს და ჩვენს სულს ფრთებს აკვეცს. არადა, რაოდენ მაღლა მიისწრაფიან მმარხველი ადამიანები! როგორც არწივნი, ზეცას მიელტვიან, გონებითა და გულით ზეცაში ცხოვრობენ და ასე სწავლობენ ღვთაებრივ სიბრძნისმეტყველებას უმარხველობა ხელს გვიშლის, რომ გვიყვარდეს უფალი და მოყვასი, ვასრულებდეთ უფლის მცნებებს. ვინც მარხვას უარყოფს, ის ივიწყებს, თუ რის შედეგად მოხდა პირველი ადამიანების ცოდვით დაცემა და რა იარაღზე მიგვითითა უფალმა ცოდვით დაცემის წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ, როცა თავადვე მარხულობდა უდაბნოში. ასეთმა კაცმა ან არ იცის, ან არ სურს იცოდეს, რომ ადამიანი ღმერთს ყველაზე ხშირად სწორედ თავშეუკავებლობის გამო შორდება, როგორც ეს სოდომ-გომორის მკვიდრთ და ნოეს თანამედროვეებს დაემართათ, ვინაიდან ამ ვნებისაგან გამომდინარეობს ყოველგვარი ცოდვა და ცოდვით დაცემა. მარხვა აუცილებელი საშუალებაა ჩვენი განწმენდისა და ღმერთთან ერთობისათვის. იგია საშუალება იმისა, რომ თანაზიარ ვექმნეთ უფალს. რადგან არ ვმარხულობდით, სამოთხიდან გამოგვაძევეს! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ დავბრუნდეთ სამოთხეში (წმიდა ბასილი დიდი). | |
|
სულ კომენტარები: 0 | |